logo
ENG



"საჭიროა სიმართლის ლაპარაკი მოურიდებლად"- ოცნება თელავის საკრებულოს დეპუტატმაც დატოვა

13 ივლ 202215:32
3 წუთის საკითხავი
 

თელავის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ლევან კოჭლოშვილი ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

მანამდე, ოცნებიდან წასულ დეპუტატებს მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარს  ახალციხისლაგოდეხისჭიათურის, გორისა და თერჯოლის საკრებულოს წევრები შეუერთდნენ.

"ის, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენი წინაპრების არაერთი თავდადების და ვაჟკაცობის დამსახურებაა. ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპრის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული.

ჩვენს მეფეებს სჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალგანსაცდელ გამოვლილი რწმენით. დღეს გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ევროპულობას ამოფარებულები ებრძვიან ყოველივეს რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და დღესაც დგას ჩვენი სამშობლო. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს ნაციონალურ მოძრაობას, ძალას რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს. მე მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განუყოფელი ნაწილი იყო.

არ მივცემ შესაძლებლობას არავის ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს ნაც მოძრაობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ.

სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო"- წერს კოჭლოშვილი.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს.

პარტიის დატოვების შემდეგ მათ თქვეს, რომ ოცნებასთან "ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე".

მოგვიანებით, მათ ანტიდასავლური შეთქმულების თეორიაც გამოაქვეყნეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილი მისწერა.

მასში ნათქვამია, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი "სავსე იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო". 

კელი დეგნანის ამ განცხადებას ქართული ოცნების მოქმედმა წევრებმა შეურაცხმყოფელი უწოდეს და მის წინააღმდეგ ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებას აგრძელებენ.


close დახურვა